Tuesday, April 19, 2011

სპორტი საქართველოში

ქართველები ოდითგანვე კარგი მოასპარეზენი ყოფილან და ეს მრავალი დოკუმენტით დასტურდება, უწინარესად _ ისტორიული, არქეოლოგიური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალებით, ლიტერატურული წყაროებით, ქართველ თუ უცხოელ მემატიანეთა ცნობებით. მათი კვლევა-ანალიზი საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლები სიზუსტითა და სისრულით გავაშუქოთ ქართული სპორტის წარსული და ხალხურ ასპარეზობათა ქრონიკა, დავადგინოთ სამხედრო-ფიზიკური აღზრდის თავისებურებანი და ტრადიციულ სახეობათა წარმომავლობა, განვსაზღვროთ სპორტის ადგილი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის ყოფაში.

ფიზიკური ვარჯიშობანი, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, იმთავითვე სამხედრო საქმეს უკავშირდებოდა, ფიზიკური აღზრდის სისტემა _ საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას. გვიანი ბრინჯაოს ხანის საქართველოში საბრძოლო იარაღებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული სატევარი, საბრძოლო ცული, შუბისა და ისრის პირები, ლახტის თავი (დასავლეთი საქართველო), მახვილი, ბრტყელი ისრის პირი, გრძელი შუბი, ნახევარწრიული ცული (აღმოსავლეთი საქართველო). ამ იარაღების დაუფლება და საბრძოლო არსენალის შევსება, ცხადია, სისტემატურ წვრთნასა და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა. სამხედრო საქმის განვითარების კვალობაზე იცვლებოდა და იხვეწებოდა ვარჯიშთა სისტემა, საბრძოლო ოსტატობა. ბერძენ და რომაელ მეისტორიეთა და მწერალთა გადმოცემით, ქართველური ტომები საუცხოო მეომრები ყოფილან. ამაზე მიუთითებს პროკოფი კესარიელის, ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, სტრაბონისა და სხვათა ჩვენამდე მოღწეული ჩანაწერები. მაგალითად, ქსენოფონტე ხალიბების შესახებ წერს, რომ “ეს იყო უმამაცესი ხალხი ყოველთა შორის, ვისთანაც კი ელინებს საქმე ჰქონიათ თავისი ლაშქრობის დროს”. აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც ბატონობდნენ. ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით”. სქოლასტიკოსი განსაკუთრებით მოუხიბლავს ლაზთა “ხასიათის სილამაზეს და სიცქვიტეს” (გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, თბილისი, 1939 წ.). გვიანდელი ავტორები, მათ შორის ქართველი ისტორიკოსები, აღნიშნავენ ადრე მონათმფლობელური საქართველოს წარჩინებულების მაღალ სამხედრო ხელოვნებას, მათ გაწვრთნილობას ცხენოსნობაში, ნადირობაში, მშვილდ-ისრისა და შუბის ტყორცნაში. ლეონტი მროველის თანახმად, მირიან მეფე “იყო მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი”, ფარსმან ქველი _ “ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემაერთებელი ბრძოლისა, უშიში, ვითარცა უხორცო”, ვახტანგ გორგასალი _ “უმშვენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურველი ქუეითი ირემსა მიეწიოს, უპყრას რქა და დაიჭიროს” (ქართლის ცხოვრება, 1957 წ.).

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ურარტუში აღმოჩენილი ქვის სტელა ლურსმული წარწერით, რომელიც აკადემიკოსმა გიორგი მელიქიშვილმა ამოიკითხა. დასტურდება, რომ ურარტუს სახელმწიფოში გამართულ შეჯიბრებებში (მათ შორის, ცხენით ხტომასა და მშვილდ-ისრის ტყორცნაში) ხშირად მეფეებიც მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ. წარწერა გვამცნობს მენუასა და არგიშტის მეფობის დროინდელ ასპარეზობათა ამბებს. გიორგი მელიქიშვილის აზრით, “უეჭველია, რომ ურარტუში დიდი შეჯიბრებები იმართებოდა ცხენოსნობაში”.

როგორც ირკვევა, ანტიკური პერიოდის საქართველოში სამხედრო-ფიზიკური მომზადების საფუძველს შეადგენდა ცხენოსნობა, ნადირობა, ხელჩართული ბრძოლა (ბუმბერაზობა), ფარიკაობა, მშვილდოსნობა, შუბის მიზანში და სიშორეზე ტყორცნა, ხმალაობა და სხვა ვარჯიშობანი. ამ დასკვნამდე მიდიან მიხეილ გორგაძე, ვალერიან აფრიდონიძე, ავთანდილ ციბაძე, ვასილ ელაშვილი, ვახტანგ სიდამონიძე და ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორიის სხვა ცნობილი მკვლევრები. “საქართველოში ფიზიკურ ვარჯიშობათა შემდეგი სახეები არსებობდა: შუბისა და მშვილდ-ისრის ტყორცნა, ცხენოსნობა, ჭიდაობა, მუშტი-კრივი, მთამსვლელობა, სამხედრო გამოყენებითი ცეკვები, რბენა, სამწყობრო მომზადება, სიმძიმეების აწევა და გადაგდება, ფარიკაობა, ბურთაობა და ხარებზე და ხარებით ვარჯიშ-თამაშობანი, შურდულით ქვის ტყორცნა. სამხედრო-ფიზიკური აღზრდა სპეციალური აღმზრდელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. არსებობდა სპეციალური სავარჯიშო-საშეჯიბრო ნაგებობანი. ეწყობოდა შეჯიბრებანი, მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებში და გარკვეულ წარმატებას აღწევდნენ. არსებობდა შეჯიბრების მოწყობის ორგანიზაციული ფორმა და წესები” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”, ქუთაისი, 1986 წ.)

No comments:

Post a Comment