Tuesday, April 19, 2011

ქართული ჭიდაობა


სარწმუნო წყაროებით დასტურდება აგრეთვე ქალთა აქტიური მონაწილეობა სამხედრო-ფიზიკურ ვარჯიშებსა და საომარ მოქმედებებში. საყოველთაოდ ცნობილია თქმულება ამორძალების შესახებ. მდინარე თერმოდონტის მიდამოებში, სადაც ძველთაგანვე ქართველური ტომები სახლობდნენ, ქალებს ბავშვობიდან ავარჯიშებდნენ ცხენოსნობაში, მშვილდ-ისრის სროლასა და შუბის ტყორცნაში. ამორძალების შესახებ პირველ ცნობას ჰეროდოტე გვაწვდის, რომელსაც სხვადასხვა ვარიანტით გადმოგვცემენ შემდეგი დროის ბერძენი, რომაელი და ბიზანტიელი ავტორები. საქართველოში, კერძოდ, ხევსურეთში, არაგვისა და ალგეთის ხეობებში აღმოჩენილ ქალთა სამაროვნებში ნაპოვნია რკინის ისრის წვერები, სპილენძის ჯაჭვის პერანგი, ცხენოსნური აღკაზმულობა. ამორძალებთან ერთად უნდა გავიხსენოთ ასევე ხალხური თქმულება ამირანზე _ შუმერთა მეფის გილგამეშისა და ბერძნული პრომეთეს პროტოტიპზე, უბადლო მეომარსა და მონადირეზე, რომელსაც ღვთაებრივმა ნათლიამ “დაანათლა გაქანებული ხარის სიჩქარე და სიმარდე დაქანებული ზვავისა და თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე და მგლის მუხლი”. ამირანის სულიერი და ფიზიკური ძალმოსილების სამაგალითო ამბავი თაობიდან თაობაში გადადიოდა და საყოველთაო თაყვანისცემას იმსახურებდა.

ქართველები, ისევე როგორც სხვა ხალხები, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ქედმოუხრელ ვაჟკაცებს, ჩუბინობით, სიჩაუქითა და სიმარჯვით განთქმულ მებრძოლებს, მონადირეებსა და მოასპარეზეთ. უწინარესად, ეს ითქმის საქართველოს მთიანეთზე, სადაც ფიზიკურ ძალას ლამის კულტად სახავდნენ. აქაური ცხოვრების წესი და მკაცრი ბუნებრივი პირობები განსაკუთრებულ გაწვრთნილობას, ამტანობასა და გამძლეობას მოითხოვდა, განუწყვეტელი ბრძოლები _ მრავალმხრივ სამხედრო მომზადებას. ხევსურეთში, სვანეთში, ფშავსა და სხვა კუთხეში სახალხო დღესასწაულებზე თუ სხვა დღეებში რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ყმაწვილთა გასაწვრთნელად და გამოსაცდელად. “ხევსურთა ფიზიკური მომზადების საშუალებანი მრავალფეროვანია და შეიცავს: მთაში სიარულს, რბენას, ხტომას სიგრძეზე, ქვის ტყორცნას მანძილზე და მიზანში (ხელით, შურდულით), მოძრავ თამაშობებს და ცეკვას მუსიკის თანხლებით, თხილამურებზე სიარულს, ფარიკაობას, მშვილდოსნობას, ცხენოსნობას, ჭიდაობას, ნადირობას" (მ. გორგაძე, “ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორია”. თბილისი, 1975 წ.). ვაჟა-ფშაველას ეთნოგრაფიულ ნარკვევში “ფშაველი და მისი წუთისოფელი”, რომელიც ფშავის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებასა და ჩვეულებებს გვაცნობს, მიმოხილულია ფიზიკური აღზრდის, სპორტული პაექრობის ადგილი და მნიშვნელობა. სვანეთში დღემდე შემორჩენილია ძველისძველი ხალხური თამაშობები და ორთაბრძოლები, მათ შორის ჭიდაობა, ბურთით თამაში (“ლიბურთალ”), ქვის აწევა და გადატანა (“ბაჩა ლიკედ”), ბადროს მსგავსი ბრტყელი ქვის ტყორცნა (“ლასურ მატნოშ ბაჩა ლიკვანა”) და სხვ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ასპარეზობა ყოფილა ცხენების ჭენება. დოღში, რომელსაც სადგინს უწოდებდნენ, საუკეთესო თუში მხედრები გამოდიოდნენ. გამარჯვებულს ალამს გადასცემდნენ, რაც მეტად საპატიო ჯილდოდ ითვლებოდა. სერგი მაკალათია თავის ნაშრომში (“თუშეთი”. თბილისი, 1993 წ.) დეტალურად აღწერს სადგინის წესებს და იქვე გვიამბობს მშვილდოსანთა შეჯიბრებაზე, რომელსაც თუშები ღაბახს, ანუ საისრევლოს უწოდებდნენ: “მიზნად დებდნენ სხვადასხვა ნივთს (პურს, წინდას, ქისას და სხვა). ვინც მიზანში ისარს მოახვედრებდა, ნიშანიც მისი საკუთრება იყო”. ამგვარი შეჯიბრება სახალხო დღესასწაულებსა და რიტუალებზე იმართებოდა. მაგალითად, “სამეგრელოში მამაკაცის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად მხედრულ შეჯიბრებებს ატარებდნენ, რომლის პროგრამაში შეტანილი იყო: დოღი 10-15 კილომეტრზე, ყაბახი, თარჩია და მიზანში სროლა” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”). ნიშანდობლივია, რომ აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. III ს.) თავის ცნობილ “არგონავტიკაში” ასევე გმირთა მოსაგონებლად გამართულ კოლხურ ასპარეზობებზე წერს: “არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ" (ა. როდოსელი, “არგონავტიკა”. თბილისი, 1948 წ.). ეს ცნობა მეტად ძვირფასი და საინტერესოა. როდოსელი ძვ. წ. VIII საუკუნის ამბებს აღწერს, რაც ქართულ ასპარეზობათა ტრადიციების სიძველეს ასაბუთებს. ამას გარდა, ირკვევა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ 28 საუკუნის წინათ ვრცელი საასპარეზო მოედანი ჰქონიათ.

“სამხედრო-ფიზიკური აღზრდის გარკვეული სისტემისა და მაღალი საასპარეზო კულტურის არსებობა, მათში შემავალ ფიზიკურ ვარჯიშობათა სახეებში ვარჯიშ-შეჯიბრებათა ჩატარება და წვრთნა სპეციალურ სავარჯიშო-საშეჯიბრო ნაგებობათა არსებობასაც გულისხმობს და როგორც ქართული და უცხო ქვეყნების ისტორიული და ლიტერატურული პირველწყაროები ადასტურებენ, ასეთი კიდევაც არსებობდა ადრეული პერიოდიდანვე საქართველოში. აღნიშნულ წყაროებში სავარჯიშო ნაგებობათა შემდეგი სახელწოდებანია დაცული: “იპოდრომი” და “ცხენთსარბიელი”, “ასპარეზი” და “მოედანი”, “მერე”, “ფორი”, “მინდორი” და “სამღერელი”, “სათამაშო” და “სამორინე სახლი” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”). პროკოპი კესარიელის მიხედვით, კოლხეთის ქალაქი აფსარე “ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით. ამჟამად აქედან სხვა არაფერი დარჩენილა, გარდა ნაშენობათა საძირკვლებისა” (გეორგიკა, ტ. 11. თბილისი, 1934 წ.). იოანე შავთელი თავის თხზულებებში არაერთხელ ახსენებს იპოდრომს და ასპარეზს: “იპოდრომსა განხმულობანი”, “ასპარეზთა ზედ მსპარაზნობელი” და ა. შ. ასევე მნიშვნელოვანია რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ჩანაწერი იბერიის მეფის ფარსმან ქველის მხედრული მამაცობის შესახებ. კასიოსის ცნობით, II საუკუნეში ფარსმანი კეისრის თხოვნით რომს სწვევია და თანმხლებ რაზმთან ერთად მარსის მოედანზე ქართული ასპარეზობა გაუმართავს. ცხენოსნობაში თვით ფარსმანს არ ჰყოლია ბადალი (აღტაცებულ კეისარს იბერთა მეფის ცხენიანი ქანდაკების აღმართვა უბრძანებია), ჭიდაობაში კი მეფისწულ მითრიდატეს უმარჯვია _ ჯერ იქაური ფალავნები წაუქცევია, მერე კი ორი გავეშებული ხარიც დაუგდია.

ჩვენამდე მოღწეული წყაროებით დასტურდება, რომ ათლეტთა გამოსაცდელად, სხვადასხვა პერიოდულობით, ხალხმრავალი ასპარეზობებიც იმართებოდა. მართალია, “ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველთა მონაწილეობა დღესდღეობით ისტორიულად დასაბუთებული არ არის, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ქართველები, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ელინთა ოლიმპიადების მსგავს სპორტულ თამაშებს მართავდნენ” (ნოდარ გუგუშვილი, “ოლიმპიური ენციკლოპედია”. თბილისი, 1997 წ.). აქ უწინარესად იგულისხმება მესხი მკვლევარ-ეთნოგრაფის ივანე გვარამიძის მიერ გაზეთ “დროებაში” (¹ 217, 1882 წლის 17 ოქტომბერი) აღწერილი ე.წ. მესხური შეჯიბრებანი, რომელშიც სრულიად საქართველო მონაწილეობდა. ავტორი მიმოიხილავს ამ შეჯიბრებათა წინა ისტორიას და გვთავაზობს ვარჯიშთა ჩამონათვალს, მათ შორის “ჭიდაობის”, “მჯიღვით ბრძოლის”, “მხარდავერდის”, “ქოფის”, “ბურთაობანის” და ა. შ. აღწერილობას. ამგვარი ტურნირების კვალი ჩანს არმაზობის სახალხო დღესასწაულის ქრონიკებში, ცნობილი სანახაობის _ “ყეენობის” შესახებ შემორჩენილ ცნობებში: “ყეენობის პროგრამაში სხვა სანახაობათა შორის შეტანილი იყო ჭიდაობა, მუშტი-კრივი, ხის ხმლებით ფარიკაობა, შურდულით ქვის ტყორცნა” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”). გორის ტრადიციულ ასპარეზობათა აღწერისას, ა. თუმანიშვილი ყეენობას ოლიმპიადას ადარებს: “დღემდე გააჩნიათ ოლიმპიურ თამაშობათა მსგავსი რამ, რომელიც მოიცავს რბენას, ცეკვებში შეჯიბრებას, მუშტებითა და ხის ხმლებით კრივს”. მსგავსი თამაშები საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებზე ბევრგან იმართებოდა და პოპულარულიც იყო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: “შემდგომად წირვისა... გავიდიან ასპარეზსა მეფე და წარჩინებულნი და მრავალნი ერნი, დასვიან ყაბახსა ზედა ოქროსა ანუ ვერცხლისა ჭურჭელი რაიმე და უწყიან ჩინებულთა და უფროს ჭაბუკთა ისართა სროლა... შემდგომად ამისა იქნების ბურთაობა”. XVII საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი მეგრელებზე წერს: “ისინი კარგი მეომრები და კარგი მხედრები არიან. ძალიან დახელოვნებულნი არიან შუბის ხმარებაში. მშვილდ-ისრის სროლას ოთხი წლიდან ასწავლიან ბავშვებს, რომლებიც ისე კარგად ეუფლებიან მას, რომ გაფრენილ პატარა ჩიტსაც ახვედრებენ ისარს” (“ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”. გამომცემლობა “მეცნიერება”. თბილისი,1975 წ.).

ტრადიციულ ეროვნულ ასპარეზობათა შორის უწინარესად უნდა მოვიხსენიოთ ცხენ-მხედართა შეჯიბრების პოპულარული ნაირსახეობები: ისინდი, მარულა, ყაბახი, თარჩია, მკერდაობა, ცხენბურთი (იგივე ჩოგანბურთი). მათზე მრავალფეროვანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა მოგვეპოვება. ცხენბურთის დეტალურ აღწერას მრავალი მეისტორიე და მწიგნობარი გვთავაზობს, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერები. ის XVII საუკუნის 50-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში, 16 წელი სამეგრელოში იცხოვრა და ქართულ ასპარეზობებზე, მათ შორის ჭიდაობაზე, ყაბახსა და ცხენბურთზე მეტად საინტერესო მასალები დაგვიტოვა. “ვინც თამაშობას იწყებს, იგი ბურთს დადებს ჩოგანზე, რომელიც მაგრად უჭირავს ხელში, და ცხენს გააჭენებს. იმას ერთი-მეორეზე ყველა დანარჩენები მისდევენ თავიანთი ჩოგნით ხელში. პირველი მოთამაშე თავის წინ მაღლა ააგდებს ბურთს იმნაირად, რომ ბურთი, როცა მიწაზე დავარდება, იმ დროს მოთამაშეც იმ ადგილას მივიდეს, და როცა ბურთი ხელახლა ახტება ზემოთ, მოთამაშე თავისი ჩოგნით უკან გადაისვრის: ყოველი მოთამაშე ამ ბურთისკენ მიაჭენებს ცხენს და ცდილობს სხვებზე წინ დაიჭიროს ბურთი ისე, რომ ცხენიდან არ ჩამოხტეს... ამგვარად თამაშობენ საღამომდის. ეს თამაშობა მეტად სასიამოვნო ვარჯიშობაა და დიდად გასართობი” (არქანჯელო ლამბერტი, “სამეგრელოს აღწერა”. თარგმანი ალ. ჭყონიასი. თბილისი, 1937 წ.). იმავე საუკუნის მეორე იტალიელი მისიონერი დიონიჯო კარლი ქართველებზე წერს: “ამ ხალხის ამგვარ ვარჯიშობაში ნახვას არაფერი სჯობია. პირდაპირ განსაცვიფრებელია მათ მიერ ცხენის ოსტატური, ერთმანეთზე დაუჯახებელი მართვა, მიწიდან ბურთის აღება. ამასთან ისინი ისე დაბლა იხრებიან, რომ ბევრჯერ ვიფიქრე, ესაა გადმოვარდნენ და მიწაზე ზღართანს მოადენენ-მეთქი” (დიონიჯო კარლი, “თბილისის აღწერა”, თარგმანი ბეჟან გიორგაძისა. 1951 წ., კრებული 29). ქართულ ცხენოსნურ ასპარეზობათა ამსახველი არაერთი ტილო (“ჩოგან-ბურთი”, “ყაბახი”, “ნიშანში სროლა”, “ჩოგნით მობურთალი ქალი” და სხვ.) შექმნა ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა დონ კრისტოფორო დე კასტელიმ, რომელიც საქართველოში 1629 წელს ჩამოვიდა და თითქმის ყველა კუთხე მოიარა. ნახატებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია ავტორისეული წარწერები. მაგალითად, “ცხენოსანთა თამაში” ასეა განმარტებული: “უცქირეთ მათ მშვენიერ ცხენოსნობას, როგორ კარგად მართავენ თავიანთ ცხენებს. ესაა ხელოვნება ცხენოსნობაში, იშვიათად მიღწეული. იგი მოითხოვს დიდი მოძრაობისა და გონების თანაარსებობას. მოთამაშენი როდი ვარდებიან ცხენებიდან.

ინფორმაცია მოძიებულია : http://msy.gov.ge/index.php?sec_id=248&lang_id=GEO
http://www.google.ge/imgres?imgurl=http://alternativa.ge/wp-content/uploads/2009/05/krivi-xridoli.jpg&imgrefurl=http://alternativa.ge/2009/05/04/%25E1%2583%2596%25E1%2583%259C%25E1%2583%2594%25E1%2583%259C%25E1%2583%2598-%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%25AA%25E1%2583%259D%25E1%2583%259C%25E1%2583%2598-%25E2%2580%2593-20-%25E1%2583%2599%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%2595%25E1%2583%2598/&usg=__GBa_kGHHNf5Iyv3WFi7Ob0uQKL4=&h=707&w=382&sz=226&hl=ka&start=3&zoom=1&um=1&itbs=1&tbnid=dGpW-RMsRs92cM:&tbnh=140&tbnw=76&prev=/images%3Fq%3Dxridoli%26um%3D1%26hl%3Dka%26sa%3DG%26ndsp%3D20%26tbm%3Disch&ei=Xj-tTdfbMMPGtAa2sYjYDA

No comments:

Post a Comment